თბილისში მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ გახსნის პარალელურად თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქტივისტები აპროტესტებენ საახალწლო სლოგანს "მშვიდობის ქალაქი". მათ მიიტანეს წარწერა - "გმირების ქვეყანა, სოლიდარობის ქალაქი".
მანამდე თბილისის მერიამ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა ფოტოსურათები, რომლებიც თავისუფლების მოედანსა და პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალთან იყო გამოფენილი, შეუთანხმებლად გმირთა მოედანზე გადაიტანა.
"ცინიკური გამოთქმა, რომ ჩვენ მშვიდობა არ გვინდა, არის ტყუილი. ჩვენ გვინდა მშვიდობა, უბრალოდ, ცინიკურად, ახლა, როცა გუშინ ჩამოასვენეს ერთი გმირი და იქ არის ჩვენი ჯარისკაცების ცხედრები, რომლებიც ვერ გამოჰყავთ, რომელ მშვიდობის ქალაქზეა ლაპარაკი? ამ ეტაპზე "მშვიდობით სავსე ქალაქი" მოსახლეობისთვის არის შეურაცხმყოფელი", - ამბობს აქტივისტი ნატა ფერაძე.
"ჩვენს სამეზობლოში იხოცება ხალხი, არ არის შუქი, არ არის წყალი, ხალხი შიმშილობს და მაინც ებრძვის შეუპოვრად მტერს, იმ მტერს, რომელიც არის ჩვენი მტერი და რომელმაც ჩვენი ტერიტორიები წაიღო. ლაპარაკი იმაზე, რომ აქ მშვიდობაა, არის ძალიან უხერხული", - აცხადებს აქციაზე მყოფი დათო დვალი.